English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ მერაბ ლომინაძეეთერ ხარაიშვილი
კერძო საკუთრების დიალექტიკა

კერძო საკუთრება უძველესი დროიდან წარმოადგენდა თეორიული კვლევის საგანს და მას მიძღვნილი აქვს მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ფილოსოფია, ეკონომიკური თეორია, სამართალმცოდნეობა, სოციოლოგია და ა.შ.) მრავალი ნაშრომი. აღნიშნულის მიუხედავად, ზოგადად საკუთრების, განსაკუთრებით კი კერძო საკუთრების პრობლემის ისეთი ასპექტები, როგორიცაა ისტორიული კონტექსტით მისი გენეზისი, თანამედროვე მდგომარეობა და განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მოდიფიცირების საკითხები, დღესაც ინარჩუნებს აქტუალურობას. ამ თვალსაზრისით, მიუღებლად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ნეოკლასიკურ პარადიგმებზე დაფუძნებული თანამედროვე ‘’ეკონომიკსი’’’საერთოდ გვერდს უვლის კერძო საკუთრების ფუნდამენტურ კატეგორიას, მიიჩნევს რა მას ცივილიზაციის განვითარების მიღმა არსებულ არაისტორიულ ფენომენად. კერძო საკუთრების გაღრმავებულმა თეორიულმა ანალიზმა, ჩვენი აზრით, შეიძლება არა მარტო მოგვცეს მისი არსის შესახებ სრულყოფილი წარმოდგენა, არამედ დაგვანახოს თანამედროვე  საბაზრო ეკონომიკური სისტემის გრძელვადიანი განვითარების ტრაექტორია და პერსპექტივა. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ცოდნის ეკონომიკის ჩამოყალიბება არსებითად ცვლის კერძო საკუთრების შინაარს და მისი ტრადიციული გაგებიდან განსხვავებით, აახლოებს მას პირადი საკუთრების განსაზღვრულობასთან. ასევე იცვლება საკუთრების როლი განვითარებული საზოგადოების სტრატიფიკაციაში: წინა პლანზე გამოდის საკუთრების მიმართ ადამიანთა არა განსხვავებული დამოკიდებულება, არამედ პიროვნების უნიკალური უნარ-ჩვევებითა და შესაძლებლობებით განპირობებული სტატუსი.

     საკვანძო სიტყვები: საკუთრება, კერძო, პირადი, კორპორაციული (ჯგუფური), საჯარო საკუთრება, ცოდნის ეკონომიკა, საინფორმაციო საზოგადოება, პოსტინდუსტრიული საზოგადოება.      

 

 

შესავალი

 

საკუთრება უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა, რომელიც საფუძვლად უდევს ეკონომიკურ სისტემას და მის ისტორიულ ტიპს განსაზღვრავს. საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე საკუთრების დიფერენციაციამ - კერძო და საზოგადოებრივ საკუთრებად, გადამწყვეტი როლი შეასრულა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. (ვ. ბასარია 2022, 50).

საკუთრება რთული კატეგორიაა, რომელიც  მოიცავს სამ კომპონენტს: ფლობას, განკარგვას და გამოყენებას. ფლობა (possession) ნიშნავს მატერიალურ-ნივთობრივი ქონების დაუფლებას მასზე რეალური უფლების არარსებობის პირობებში. ეს არის საკუთრება de facto, მაგრამ არა de jure. ფლობის შემთხვევაში ქონება არ ექვემდებარება გაყიდვას, თუმცა შესაძლებელია მისი მემკვიდრეობით გადაცემა, რაც წარმოქმნის ფლობის საკუთრებად ტრანსფორმირების წინაპირობას.

სხვადასხვა პერიოდში უპირატესად გამოიყენებოდა ფლობის და არა საკუთრების უფლება. საკუთრება (property) არის სახელმწიფოს მიერ ფორმალურად აღიარებული მესაკუთრის უფლება ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვაზე - გაყიდვის უფლების ჩათვლით. ეს დეფინიცია ძველი რომის სამართალშია მოცემული. საკუთრება მთელი თავისი შინაარსით მაშინ წარმოჩინდება სრულად, როცა  ადგილი აქვს სამივე ჩამოთვლილი კომპონენტის ერთობლიობას.

 

კერძო საკუთრების ისტორიული განსაზღვრულობის  შესახებ

 

საზოგადოების განვითარების რაღაც ეტაპზე საკუთრების ცნება საერთოდ არ არსებობდა, ან ამჟამად მიღებული დეფინიციიდან სრულიად განსხვავებული იყო. ასე მაგალითად, არისტოტელე საუბრობდა ქონებაზე (khremata) და მის ფლობაზე (ktema), თუმცა აქ საკუთრება არ იგულისხმებოდა. რომის სამართალში ფართო გავრცელება ჰპოვა ტერმინმა “proprietas”, რაც გულისხმობდა პირად და არა სათემო მფლობელობაში მყოფ ობიექტს, მაგალითად - სათემო მიწებს - ager publicus.  არსებობდა ლათინური წარმოშობის სხვა ტერმინიც - posedere, რაც იგივე შინაარსის მატარებელი იყო, როგორც proprietas და ფართოდ გამოიყენებოდა ადრე ევროპულ ცივილიზაციაში. თავდაპირველად არ არსებობდა დაყოფა „კერძო“ და „საზოგადოებრივ“ საკუთრებად, ვინაიდან proprietas იმთავითვე გულისხმობდა რაიმე საგნის  საკუთრებას ვინმე კერძო პირის მფლობელობაში. მსგავსი დაყოფა მოხდა XVII საუკუნეში, რაც დაკავშირებული იყო „ბუნებრივი უფლების“ ცნების ფართო გავრცელებასთან. სწორედ ამ პერიოდში აღმოცენდა „საკუთრების“ ცნება და მოხდა proprietas-ის ცნების ტრანსფორმირება property-ის, ანუ საკუთრების ცნებაში.

ისტორიულად, ეკონომიკური ცხოვრების პირველი ფორმა - თემური წყობილება ემყარებოდა კოლექტიურ საკუთრებას, როგორც წარმოების პრიმიტიულ საშუალებებზე, ისე წარმოებულ პროდუქტზე. ცალკეული ადამიანი უძლური იყო ბუნებასთან ბრძოლაში და ფიზიკური არსებობის შენარჩუნება შეეძლო მხოლოდ თემში გაერთიანების საშუალებით, სადაც არსებობის პირობებს წარმოადგენდა კოლექტიური შრომა, კოლექტიური საკუთრება და შექმნილი პროდუქტის თანაბარი განაწილება.

შრომის იარაღებში მომხდარმა ძირეულმა ცვლილებებმა, შრომის დანაწილების გაღრმავებასთან ერთად, განაპირობა ადამიანის შრომის მწარმოებლურობის გაზრდა და  პროდუქტის წარმოების ნამეტის შექმნა. ეს უკანასკნელი, ცალკეული ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის მხრიდან, მითვისების ობიექტი გახდა.  კოლექტიური შრომა თემის შიგნით კოლექტიურ საკუთრებას მოითხოვდა და მას ემყარებოდა. ინდივიდუალურმა შრომამ, რაც შრომის საშუალებების განვითარების კანონზომიერი შედეგი იყო, დღის წესრიგში დააყენა ინდივიდუალური  საკუთრების აუცილებლობის საკითხი. გამომდინარე აქედან,  წარმოიშვა ქონებრივი უთანასწორობა ადამიანებს შორის  - თემის უხუცესებმა, სამხედრო ბელადებმა, ქურუმებმა თანდათანობით დაიწყეს საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის გამოყენება პირადი გამდიდრების მიზნით. თემს გამოეყო ცალკეული ოჯახები და მათი წევრების მიერ შექმნილი პროდუქტი თემის მფლობელობაში კი აღარ გადადიოდა, არამედ ოჯახის წევრებს შორის ნაწილდებოდა. მოგვიანებით  კი ცალკეული ოჯახების საკუთრებაში მიწაც გადავიდა.

კერძო და საზოგადოებრივი საკუთრების გვერდით ფილოსოფოსი ჯ. ლოკი გამოჰყოფდა პირად საკუთრებას (own property). (Loke J. Chap. V, par. 27, 2-4). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომში პირადი საკუთრების კატეგორია ნაკლებად გამოიყენებოდა ეკონომიკურ თეორიასა და სამეურნეო პრაქტიკაში. კერძო და პირად საკუთრებას შორის ის ძირითადი განსხვავებაა, რომ კერძო საკუთრება არის ახალი ქონების შექმნის პირობა, პირადი საკუთრება კი უკავშირდება, არა ახალი ქონების შექმნას, არამედ უკვე შექმნილის პირადი საჭიროებისთვის მოხმარებას.

ზემოთ აღწერილი ისტორიული პროცესი, სწორედ ინდივიდუალური და კოლექტიური საკუთრების დიალექტიკას შეეხება და იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი წინ უსწრებდნენ კერძო და საზოგადოებრივი საკუთრების ჩამოყალიბებას.

კერძო საკუთრება შეიძლება ჩაითვალოს პირადი საკუთრების განსაკუთრებულ სახეობად, რაც სპეციფიკურ ფორმას იღებს კაპიტალისტური სისტემის პირობებში. ის უშუალო მწარმოებლის წარმოების საშუალებებიდან გაუცხოების შედეგად წარმოიშობა.   უთანასწორობას, უკვე საზოგადოების შიგნით, სოციალური ხასიათი გააჩნია და ის განპირობებულია არა მხოლოდ ბუნებრივი პრივილეგიით ან ძალაუფლებით, არამედ, პირველ რიგში, ქონებრივი დიფერენციაციით. როგორც ა. სმიტი თავის დროზე შენიშნავდა: „საკუთრება გახდა ღარიბებისგან მდიდრების დაცვის იარაღი“ (Smith A., 1986, 20).

ამ შემთხვევაში შრომისადმი იძულება არ მოითხოვს პირდაპირ ძალმომრეობას, რასაც ადგილი ჰქონდა კაპიტალიზმამდე საზოგადოებებში და ის ხორციელდება ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შრომისადმი გარე ეკონომიკურ იძულებას ცვლის ეკონომიკური იძულება, რაც ემყარება კაპიტალისტურ კერძო საკუთრებას. ეს უკანასკნელი ყალიბდება ცალკეული ინდივიდების პირადი საკუთრების დაგროვებისა და მისი საბაზრო ბრუნვაში ჩართვის გზით, ანუ ადგილი აქვს პირადი საკუთრების კომერციალიზაციას. ეკონომიკური განვითარების პროცესში პირადი საკუთრება თვითზრდის უზრუნველმყოფელ კერძო საკუთრებად ტრანსფორმირდება. აღნიშნული პროცესის ლოგიკური დასრულებაა სასაქონლო წარმოების მიერ საყოველთაო ფორმის მიღება და საბაზრო ეკონომიკის, როგორც  სისტემის ფუნქციონირების დაწყება თავისივე საფუძველზე. ასეთ პირობებში ზღვარი პირად და კერძო საკუთრებას შორის წაშლილია და, როგორც აღვნიშნეთ, კერძო საკუთრება შთანთქავს პირად საკუთრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკურია ის ფაქტი, რომ კერძო საკუთრებამ განვითარების უმაღლეს საფეხურს ბურჟუაზიული საზოგადოების ჩარჩოებში მიაღწია, სადაც სიმდიდრის გამოხატულება ძირითადად მისი საქონლური ფორმით მოხდა. როგორც კ. მარქსი წერდა: „სიმდიდრე საზოგადოებისა, სადაც კაპიტალისტური წარმოების წესი ბატონობს, უამრავი საქონლის გროვას წარმოადგენს, ცალკეული საქონელი კი - მის ელემენტარულ ფორმას“ (მარქსი,1954, 49).

საკუთრებისა და სიმდიდრის ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მაგალითად,     XX საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰ. არდენტი აღნიშნავს: „ბევრმა მდიდარმა (wealthy) საზოგადოებამ არ იცის საკუთრება, რადგანაც მათი სიმდიდრის შემადგენელი ფასეულობები არ შეიძლება ინდივიდუალური წესით იქნეს მითვისებული“ (Ardent H., 1998,61).

სოციალური მეცნიერებების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სათემო (კოლექტიური), საზოგადოებრივი (საჯარო) და კერძო საკუთრების ერთმანეთისგან გამიჯვნამ, რაც კ. მარქსმა განახორციელა ჰეგელის დიალექტიკურ მეთოდზე დაყრდნობით. მან ეს ტრიადა  გამოიყენა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების სოციალური დინამიკის ასახსნელად. ამასთან, მარქსისტულ პოლიტიკურ ეკონომიაში საზოგადოებრივი განვითარების დაყოფა კლასობრივამდელ, კლასობრივ და უკლასო საზოგადოებებად პირდაპირ იყო დაკავშირებული საკუთრების ტიპებთან. მარქსისტები მიიჩნევდნენ, რომ კერძო საკუთრების ინსტიტუტის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ბურჟუაზიული საზოგადოების კომუნისტური საზოგადოებით შეცვლის გზით, რაც, ჩვენი აზრით, არ წარმოადგენდა სწორ მოსაზრებას. ჯერერთი, კერძო საკუთრებასა და ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია და, მეორე - კერძო საკუთრების ტრადიციული შინაარსის შეცვლა შესაძლებელია განვითარებული კაპიტალისტური სისტემის ჩარჩოებშიაც. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად ორ ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას.

პირველი. საბჭოთა კავშირის ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი საკუთრების ინსტიტუტის შექმნამ და საკუთრების მონოპოლიურ ფორმად მისმა გადაქცევამ განაპირობა კერძო საკუთრების რადიკალური გადანაწილება სახელმწიფოს სასარგებლოდ. სახელმწიფო საკუთრება მხოლოდ ფორმალურად იყო აღიარებული მთელი ხალხის, ანუ ე.წ. „საერთო-სახალხო საკუთრებად“. ფაქტიურად, მას განკარგავდა ბიუროკრატია, რაც თავის ამ მდგომარეობას პირადი და კორპორატიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებდა. აქ, ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს ადამიანთა მცირე ჯგუფების (პარტიულ-სახელმწიფოებრივი და სამეურნეო ელიტები, ბიუროკრატია) მიერ საზოგადოების უმეტესი ნაწილის ექსპლოატაციასთან, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ხდება კერძო საკუთრების არარსებობის პირობებში. გარკვეული აზრით შეიძლება აღინიშნოს, რომ საბჭოთა სისტემაში ძველი აღმოსავლეთის პიროვნული დესპოტიზმის ადგილი სახელმწიფომ დაიკავა.

მეორე. წარუმატებელი კომუნისტური ექსპერიმენტის გვერდით, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, აღმოცენდა კერძო საკუთრების პირადი საკუთრებით თანდათანობით ჩანაცვლების ტენდენცია. საკითხი შეეხება მოსახლეობის ფართო ფენებში სამრეწველო და სერვისკომპანიების მასობრივ გავრცელებას, ანუ ე.წ. „აქციების გაფანტვას“. ასე მაგალითად, XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში ამერიკული ოჯახების 55.5%-დან 59.8%-მდე ფლობდა სხვადასხვა კომპანიების აქციებს და მათგან მიღებულმა შემოსავლებმა დივიდენდების სახით შეადგინა 10 ტრლნ აშშ დოლარზე მეტი (Elias D., 1999,14).

 

 

კერძო საკუთრების ტრანსფორმირების ობიექტური

საფუძვლები და მიმართულებები

 

კერძო საკუთრების ტრანსფორმაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური რევოლუციის და მისგან გამომდინარე მაღალი ტექნოლოგიების (განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების) როლი; ასევე ცოდნის ეკონომიკის და საინფორმაციო ქსელური საზოგადოების ჩამოყალიბება-ფუნქციონირების კანონზომიერებები. ეს პროცესები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთს   განაპირობებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში განვითარებულ კაპიტალისტურ სამყაროში შეიმჩნეოდა მეცნიერებასა და განათლებაზე დაფინანსების მკვეთრი ზრდა. ამ თვალსაზრისით, უპირობო ლიდერი აშშ იყო, რომელიც სამეცნიერო კვლევებსა და დამუშავებებზე ხარჯავდა 12-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე დიდი ბრიტანეთი და 13.5-ჯერ მეტს, ვიდრე გერმანია. ამავე პერიოდში აშშ-ს ყველაზე გამორჩეული მეწარმეები - ისტმენი, მელონი, კარნეგი, როკფელერი, ვანდერბილტი და სხვ. მთელი ამერიკის მასშტაბით მასობრივად აშენებდნენ ბიბლიოთეკებს და უნივერსიტეტებს. ამით, ისინი ხაზს უსვამდნენ განათლების გადამწყვეტ როლს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესში. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდებში ევროპიდან აშშ-ში იმ დროის ყველაზე საუკეთესო მეცნიერების მასობრივ ემიგრაციას. მეცნიერების გადაქცევა უშუალო მწარმოებელ ძალად იმას ნიშნავს, რომ ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები უაღრესად აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივი სიმდიდრის შექმნის პროცესში. მაგალითად, აშშ  XX და XXI საუკუნების მიჯნაზე სამეცნიერო კვლევებსა და დამუშავებებზე ხარჯავდა მშპ-ს 2.6%-ს, იაპონია უფრო მეტს - 2.8%-ს, თუმცა გამოყოფილი თანხების მეტი ნაწილი აქ მიდიოდა გამოყენებითი ხასიათის ამოცანების შესრულებაზე, პირველ რიგში კი - ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვაზე.

მსოფლიოში სამეცნიერო კვლევებსა და დამუშავებებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების 96%-ზე მეტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე მოდის. ამასთანავე, უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აღნიშნული მიზნით, გამოყოფილი ფულადი სახსრების ხვედრითი წილის შემცირება და მსხვილი კორპორაციების წილის ზრდა. ასევე აღსანიშნავია იმ პროდუქციის მოცულობის მკვეთრი ზრდა, რაც ბოლო 2-3 წლის მანძილზეა შექმნილი (Heilbroner B., Milberg W., 1998,159).

მეცნიერებასა და განათლებაზე გამოყოფილი თანხების ასეთმა გიგანტურმა მასშტაბმა, განაპირობა ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ცოდნის ეკონომიკის და ინფორმაციული საზოგადოების აღმოცენებას.

ცოდნის ეკონომიკა (knowledge economy) - ეს არის დამოუკიდებელი, კომპლექსური და რთული სისტემა, რომლის სიცოცხლისუნარიანობა და დინამიზმი ეფუძნება თანამედროვე ადამიანის, როგორც ინტელექტუალური მუშაკის (knowledge worker), შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. ამ ფენომენის ცნობილი მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია და ცოდნა არის თანამედროვე წარმოების მთავარი და გადამწყვეტი რესურსი. კერძოდ, თანამედროვე მენეჯმენტის „მამად“ აღიარებული პ. დრუკერი წერს: „გამრავალჯერებული ცოდნა თანამედროვე ეკონომიკური პროგრესის ძირითადი პირობაა“ (Druker P.F., 1999,52). მსგავსი მოსაზრება აქვს გამოთქმული ცნობილ ამერიკელ ეკონომისტს, ლ. ტუროუს: „ნებისმიერი კორპორაციის და მთელი საზოგადოების ყველაზე ფასეულ კაპიტალს XX საუკუნეში წარმოადგენდა საწარმოო მოწყობილობა. XXI საუკუნეში, ნებისმიერი, როგორც კომერციული, ისე არაკომერციული კომპანის ყველაზე ფასეული კაპიტალი გახდება ინტელექტუალური შრომით დაკავებული მუშაკები“ (Thurow L., 1999, 52). მისივე აზრით, „ადრე, როცა კაპიტალისტები ლაპარაკობდნენ თავიანთ სიმდიდრეზე, მხედველობაში ჰქონდათ საკუთრება (ownership) ქარხნებზე, მოწყობილობებზე და მატერიალურ რესურსებზე. მომავალში, მათი მხრიდან, საკუთრებაზე აქცენტი გაკეთდება ცოდნაზე კონტროლით. შეიცვლება სიმდიდრის შექმნის აღმწერი ენა. თუკი შესაძლებელია მსჯელობა კაპიტალური დოვლათისა და მატერიალური რესურსის საკუთრებაზე.... იგივე წესით შეუძლებელია ცოდნაზე „საკუთრების“ განსაზღვრა. ადამიანები, რომლებიც ფლობენ ( who posses) ცოდნას, უკვე ვეღარ იქნებიან „მონები“. როგორ ცოდნას ფლობს ადამიანი  - ეს წარმოადგენს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ცენტრალურ პრობლემას“ (იგივე წყარო). ინტელექტუალური მუშაკისთვის დამახასიათებელია ავტონომიურობა, დამოუკიდებლობა და სწრაფვა საკუთარი შემოქმედებითი უნარების სრულყოფისაკენ. არსებითად იცვლება მისი ადგილი და როლი წარმოების თანამედროვე ორგანიზაციულ სისტემებში. როგორც ცოდნის ეკონომიკის ერთ-ერთი აღიარებული მკვლევარი ტ. საკაია შენიშნავს: „საინფორმაციო ფასეულობებზე ორიენტირებულ საზოგადოებაში („in the knowledge-value society”) კაპიტალის შრომისაგან გამოყოფის ტენდენცია დიამეტრულად საპირისპირო მიმართულებით იცვლება“ (Sakaya, 1991,66). შესაბამისად, ინტელექტუალური შრომით დაკავებული მუშაკების სულ უფრო ნაკლები რაოდენობა იმყოფება ვინმეს „დაქვემდებარებაში“ და მეტწილად ისინი ერთმანეთის პარტნიორები არიან. ინტელექტუალური შრომის მუშაკები და თანამდროვე კომპანიები სიმბიოზს წარმოქმნიან, რაშიც ერთი მხარე თანაბრად სჭირდება მეორე მხარეს და - პირიქით (Druker P.F., 1999). ცოდნის ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების ჩარჩოში ზოგადად საკუთრების ინსტიტუტი ფუნდამენტურ სახეცვლილებას განიცდის. ამ პირობებში ინტელექტუალური შრომის მუშაკებს გააჩნიათ სრული საკუთრება, საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე. ამასთანავე, ამ საკუთრების გაუცხოება მისი მატარებლისგან და მისი ობიექტივიზაცია (რაც გულისხმობს შრომის „განსხეულებას“ საქონელსა და მომსახურებაში) შეუძლებელია. იმის გამო, რომ „წარმოების საშუალებები თავიანთი ბუნებით უფრო მეტად ინფორმაციულია, ვიდრე მატერიალური, მათზე კონტროლი, გარკვეული სახით, მუშაკებზე გადადის“ (Croek S., Parulski J., Waters M. 1993,114-115).

ინფორმაციული პროდუქტის თავისებურებაა, რომ მის რეალიზებას მფლობელისთვის მოაქვს შემოსავალი, მოგება და ამავე დროს რჩება მის საკუთრებაში. ინტელექტუალური საკუთრება კი არ ეწინააღმდეგება საკუთრების ინსტიტუციას, არამედ „ობიექტზე საკუთრებიდან აქცენტი გადააქვს „პროტოტიპის საკუთრებაზე“, ანუ ობიექტის შექმნის ამოსავალ პირობაზე.

საკუთრების ტრანსფორმაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემური გამოყენების საფუძველზე ინფორმაციის შექმნის, გავრცელების და კვლავწარმოებისათვის აუცილებელი საშუალებები მათი საგრძნობი გაიაფების გამო სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა იმ მუშაკისათვის, ვისაც მისი ადეკვატურად გამოყენება შეუძლია. საკაია ამასთან დაკავშირებით შენიშნავს: „...აუცილებელი მოწყობილობა უკვე აღარაა ხელმიუწვდომლად ძვირი. მისი შეძენა კერძო პირებისთვის არნახულად გაადვილებულია. ...ამასთანავე, საინფორმაციო ფასეულობების (knowledge-value) შექმნა პროცესია, სადაც შრომა და წარმოების საშუალებები განუყოფელ ერთიანობად გვევლინება“ (Sakaya T., 1991, 70).

 

 

კერძო საკუთრების ზოგიერთი ასპექტი ქართულ ისტორიულ და პუბლიცისტურ ლიტერატურაში

 

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია მოკლედ შევჩერდეთ ქართულ ისტორიულ, იურიდიულ, ეკონომიკურ, მხატვრულ, პუბლიცისტურ ლიტერატურაში საკუთრების პრობლემის ზოგიერთ საინტერესო ინტერპრეტაციაზე.

საქართველოში საკუთარი, ინდივიდუალური მეურნეობის ისტორია, სულ ცოტა,        თხუთმეტ საუკუნეს მოიცავს. ივ. ჯავახიშვილი წერდა: „აღმოსავლეთ საქართველოში,   I საუკუნის დამდეგს, ქრ.შ. მიწის კერძო საკუთრება არ არსებობდა: მთელი უძრავი ქონება საგვარეულოს ერთობლივსა და დაუნაწილებელს საკუთრებას შეადგენდა“. (ჯავახიშვილი ივ., 1970, გვ. 572).  მისივე აზრით, „...უკვე V საუკუნეში ღვიძლ ძმებს ერთსახლად არ უცხოვრიათ, თუ უძრავი გაყოფილი არ ჰქონდათ, თითოეულს მაინც თავისი საკუთარი მეურნეობა და საკუთარი მონაგები უნდა ჰქონოდა. უეჭველია ამაზე ადრეც, მაგრამ მაინცდამაინც VIII-IX საუკუნეებში საკუთრების გაყოფაცა და მემკვიდრეობის სამართალი უკვე არსებობდა“. (ჯავახიშვილი ივ. 1984, გვ. 270).

ისტორიული წყაროებიდან ასევე ირკვევა, რომ უკვე X საუკუნეში საქართველოში არამარტო ჩამოყალიბებული იყო საკუთრების ინსტიტუტი, არამედ ფართოდ იყო გავრცელებული ქონების „განთვისების“, ანუ თანამედროვე გაგებით - გაყიდვის უფლება, რაც სრულფასოვანი საკუთრების არსებობას ნიშნავდა. ამ შემთხვევაში ქონების მესაკუთრეს განუსაზღვრელი უფლება ჰქონდა და „მის სულსა და უცილობელ ნებასურვილზე იყო დამოკიდებული ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაჩუქება, მზითვად მიცემა, შეწირვა ან სხვა გზით გასხვისება.“ (დოლიძე ი., 1953, 148).

აღნიშნული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან საკუთრებისა და დროებითი მფლობელობის (ფლობის) განსხვავება. ქართულ ისტორიულ წყაროებში პირველს ეწოდებოდა „მამული“ და „მონაგები“, მეორეს კი - ქონება. (ჯანაშია ს. 1949, გვ.288)

საქართველოში უძველესი დროიდან ასევე არსებობდა ინდივიდუალური და სათემო (სასოფლო) საკუთრებად დაყოფის ტრადიცია, რაც გვიანდელ ფეოდალურ ხანაშიც შემორჩა ქართლსა და, განსაკუთრებით - კახეთში. XIII-XVIII საუკუნეებში კახეთში საგლეხო სახნავების მეტი ნაწილი სათემო იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე კი - მთლიანად თემს ეკუთვნოდა. პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, ხდებოდა ინდივიდუალურ სარგებლობაში მიწების გაცემა, რაც სასოფლო თემის შიდა იურიდიული კომპეტენცია იყო და დემოკრატიულ ხასიათს ატარებდა. ის ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა: თემის კოლექტივის ინტერესების დაცვას და მიწის ნაკვეთების გაცემით, ქონებრივი უთანასწორობის გაღრმავების შეზღუდვას.

ილია ჭავჭავაძე, განსაკუთრებით თავის პუბლიცისტურ წერილებში, საკუთრების პრობლემას არაერთხელ უბრუნდებოდა.  საუბრობდა რა, „ეკონომიკურ  აგებულებასა და წყობაზე“, როგორც ქართველი ხალხის მარადიულობის უშრეტ წყაროზე, მის საფუძვლად კერძო საკუთრებას მიიჩნევდა, ყურადღებას ამახვილებდა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დაცვაზე და მკაცრად ილაშქრებდა ამ პრინციპის დარღვევის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. პუბლიცისტურ ნაშრომში „თანამედროვე სპარსეთი“ ილია წერდა: „სადაც საკუთრების ხელშეუხებლობა დაცული არ არის, იქ შეუძლებელია რაიმე ეკონომიკური წარმატება“. (ჭავჭავაძე ი., 1955,176). აღნიშნული ნაშრომი დაწერილია გლეხთა მასობრივი გამოსვლების პერიოდში, როდესაც ისინი მოითხოვდნენ მემამულეებისთვის მიწების ჩამორთმევას და გლეხებისთვის გადაცემას.

ი. ჭავჭავაძე წერს: „რა სიმართლე, რა საბუთი აქვს გლეხკაცს, რომ თქვენს მამულზე ხელი გაიწოდოს მაშინ, როდესაც კერძო საკუთრება ქავკუთხედად უდევს არამცთუ მთელს სახელმწიფურს და საზოგადოებრივ წყობას რუსეთისას, არამედ მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელს დედამიწის ზურგზე:. (ჭავჭავაძე ი., 1955, 279-280). ვინაიდან „კერძო საკუთრება სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დიდს პატივში, მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, არავის ეპატიება და იაფად არ დაუჯდება“.(ჭავჭავაძე ი., 1955, 46-47).

ეს მოკლე ექსკურსი საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ქართველი პროგრესული მოაზროვნეების მიერ, საკუთრების ფენომენის შესწავლაში, შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

დასკვნა

 

ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საკუთრება და მისი მთავარი ფორმა - კერძო საკუთრება, ისტორიული განვითარების პროცესში მუდმივად განიცდის ცვლილებას, რისი გათვალისწინებაც, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულ საინფორმაციო საზოგადოებაში. კერძო საკუთრების მოდიფიკაცია რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს:

  • კერძო საკუთრების გარდაქმნა პირად საკუთრებად,
  • საკუთრებასა და უშუალოდ მწარმოებელს შორის „გაუცხოების“ დაძლევა,
  • კერძო საკუთრების გაქრობა, ისე, რომ ის ვეღარ განსაზღვრავდეს პიროვნების სოციალურ სტატუსს, რაც მთელი ისტორიის მანძილზე ტრადიციულად ხდებოდა.

სოციალური სამართლიანობის მაღალი ხარისხის მიღწევაში, კერძო საკუთრების  მეტამორფოზა უდავოდ პროგრესულია. თუმცა აქვე იბადება კითხვა - რა შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში, საკუთრების თანასწორობასთან მიმართებაში?

ცოდნის ეკონომიკაში, ადამიანთა ინდივიდუალური შესაძლებლობების როლის არნახული ზრდა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს განსხვავებას განათლების მიღებასა და ინფორმაციის წვდომას შორის. როგორც ცნობილი სოციოლოგი და ფუტუროლოგი           ფ. ფუკუიამა შენიშნავს: “პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ჩვენ საქმე გვაქვს კლასობრივი უთანასწორობის ახალ ტიპთან, რასაც განათლების დონის განსხვავება განაპირობებს (Fukuyama F., 1992,116). აქ ფაქტობრივად საქმე გვაქვს იმ ფენომენთან, რასაც გერმანელი განმანათლებლები „ბუნებრივ არისტოკრატიას“ უწოდებდნენ.

კაპიტალისტური სისტემის მოდიფიკაციის პროცესში მოხდება უშუალო მწარმოებელთა დიფერენციაცია, როდესაც მატერიალური დოვლათის დაგროვებას ცოდნის დაგროვება შეცვლის, ერთი მხრივ - ინტელექტუალური შრომის მუშაკების შემოსავლები საგრძნობლად გაიზრდება, მეორე მხრივ კი - ადგილი ექნება სამრეწველო შრომის მარგინალიზაციას. შრომის ეს სახეობა იმ ადამიანთა ხვედრი გახდება, რომლებიც ძალიან რთულად ან საერთოდ ვერ მოახერხებენ ახალ ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ-ეკონომიკურ სისტემასთან ადაპტაციას.

თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკავშირებენ ადამიანებს ერთმანეთან, „თუმცა დღეს, ისე როგორც წინათ არასდროს, ისინი გვიჩვენებენ ადამიანთა შორის ღრმა განსხვავებებს“. (Coyle D., 2001, 167). ეს მოვლენა სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია „ციფრული უთანასწორობის“ სახელწოდებით.

ამასთანავე, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ისეთ მაღალ საფეხურზე, როგორიცაა „საინფორმაციო ქსელური საზოგადოება“ (Castels M. 1996,162). უთანასწორობა არ უკავშირდება კერძო საკუთრების ფენომენს. ის არ წამოადგენს უშუალო მწარმოებლის, როგორც  წარმოების პირობებიდან, ისე წარმოების შედეგებიდან გამომდინარე, გაუცხოების პროდუქტს. ამ თვალსაზრისით, უთანასწორობა არ შეიძლება გაიგივდეს უსამართლობასთან, ყოველ შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ძველი, ტრადიციული გაგებით.

 

 

 

ლიტერატურა:

  • ბასარია ვ. (2020). კერძო მესაკუთრეობრივი ურთიერთობისა და მეწარმეობის გენეზისის საკითხისათვის //ეკონომიკა და ბიზნესი N3
  • დოლიძე ი. (1953). ძველი ქართული სამართალი, თბილისი.
  • სილაგაძე ა. (2010). ეკონომიკური დოქტრინები. გამომც. „აზრი“.
  • ჯავახიშვილი ივ. (1970). „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. 1, გ. მელიქიშვილის რედაქციით. გამომც. „საბჭოთა საქართველო“.
  • ჯავახიშვილი ივ. (1984). თხზულებანი 12 ტომად, ტ. 7, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.
  • ჯანაშია ს. (1949). შრომები, ტ.1, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
  • ჭავჭავაძე ი. (1955). „თანამედროვე სპარსეთი“, თხზულებათა სრული კრებული X ტომად. ტ. IV, საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა.
  • Loke J. (2005). The Second Treatise of Government. Chap. V, par. 27.
  • Smith A. (1986). Lectures on Justice Police, Revenue and Arms. Oxford.
  • Marx K. (2019). Capital. A Critique of Political Economy. vol. I. Dover Publications, INC. Mineola, New York. www.doverpublications.com
  • Elias D. (1999). Dow 40,000. Strategies for Profiting from Greatest Bull Market in History. N.Y.
  • Heilbroner B., Milberg W. (1998). The Making of Economic Society. 10-th ed. Upper Sadolle River (NJ).
  • Druker P.F. (1999). Management Challenges for a 21-st Century. Harper Business, N.Y.
  • Thurow L. (1999). Creating Wealth. The New Rules for Individuals, Companies and Countries in a Knowledge Based Economy. London.
  • Sakaya T. (1991). Knowledge – Value Revolution. N.Y.
  • Croek S., Parulski J., Waters M. (1993). Post modernization. Change in Advanced Society, London, Newbury Park.
  • Fukuyama F. (1992). The End of History and Last Man, London, New-York.
  • Coyle D. (2001). Paradoxes of Prosperity. Why the New Capitalism Benefits All. New-York-London.
  • Castells M. (1996). The Rise of the Network Society. 2nd ed. Oxford: Wiley Blackwell

 

References:

  1. Basaria V. (2020). “kerdzo mesakutreobrivi urtiertobebisa da metsarmeobis genezisis sakitxisatvis” [About Issue of Private Property Relations and the Genesis of Enterpreneurship”. Economics and Business, N3.] in Georgian
  2. Dolidze I., (1953). “dzveli qartuli samartali”. [Old Georgian Law.] in Georgian
  3. Silagadze A. (2010). “ekonomikuri doqtrinebi”. [“Economic Doctrines”.] (in Georgian)
  4. Javakhishvili Iv. (1970). “saqartvelos istoriis narkvevebi”. V. I, [Essays of the history  Georgian.]  (in Georgian)
  5. Javakhishvili Iv. (1984) “txzulebani 12 tomad”. tomi 7. [“Essays in 12 Volumes”. V. 7] ( in Georgian)
  6. Janashia S. (1949). “shromebi”. [“Works”. V. 1.] (in Georgian)
  7. Chavchavadze I. (1955). "tanamedrove sp’arseti". ["Modern Persia"Complete collection of essays in X volumes. T. IV, Georgian State Publishing House.] (in Georgian)
  8. Loke J. (2005). The Second Treatise of Government. Chap. V, par. 27.
  9. Smith A. (1986). Lectures on Justice Police, Revenue and Arms. Oxford.
  10. Marx K. (2019). Capital. A Critique of Political Economy. vol. I. Dover Publications, INC. Mineola, New York. www.doverpublications.com

11. Elias D. (1999). Dow 40,000. Strategies for Profiting from Greatest Bull Market in History. N.Y.

12. Heilbroner B., Milberg W. (1998). The Making of Economic Society. 10-th ed. Upper Sadolle River (NJ).

13. Druker P.F. (1999). Management Challenges for a 21st Century. Harper Business, N.Y. 

14. Thurow L. (1999). Creating Wealth. The New Rules for Individuals, Companies, and Countries in a Knowledge-Based Economy. London.

15. Sakaya T. (1991). Knowledge – Value Revolution. N.Y.

16. Croek S., Parulski J., Waters M. (1993). Post modernization. Change in Advanced Society, London, Newbury Park.

17. Fukuyama F. (1992). The End of History and Last Man, London, New York.

18. Coyle D. (2001). Paradoxes of Prosperity. Why the New Capitalism Benefits All. New-York-London.

19. Castells M. (1996). The Rise of the Network Society. 2nd ed. Oxford: Wiley Blackwell.